დრო: 14:00 სთ
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ 1-ლი კორპუსი, აუდიტორია #107
რუსუდან გორგილაძის
წიგნის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია
"დიქტატურის გემო"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, 16 მაისს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება რუსუდან გორგილაძის წიგნის "დიქტატურის გემო" პრეზენტაცია.
წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის - სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული „მარგალიტები“ და მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში.
როგორც ფაშისტური იტალიის ოცდაერთწლიანი, ასევე ნაცისტური გერმანიის თორმეტწლიანი ისტორია თავიდან ბოლომდე იწყება და მთავრდება მათი შემქმნელების, ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის, ხელისუფლებაში მოსვლითა და სიკვდილით. საბჭოთა კავშირი კი, რომელმაც თითქმის სამოცდაათ წელს იარსება, არც სტალინით დაწყებულა და არც მისით დამთავრებულა. ამიტომ წიგნის საბჭოთა ნაწილი სტალინამდელ (უფრო ზუსტად პრესტალინისტურ) და სტალინის შემდგომ პერიოდსაც ეხება, თუმცა მთავარი ყურადღება, ცხადია, სტალინის მმართველობის პერიოდს ეთმობა.
წიგნი "დიქტატურის გემო" 2021 წელს გამოქვეყნდა და ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა.