ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა მიმდინარე წლის 28 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული სახით ჩაატარა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია „გელათის აკადემია - მისი ეპოქა და მემკვიდრეობა“. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვას გელათის აკადემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კვლევაში.
კონფერენცია გახსნა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა დავით ფრანგიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ევროპის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა ევროპულ აკადემიურ სივრცეში. ხშირად ევროპულობას განსაზღვრავენ ისტორიული და კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით. ევროპულობის უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს წარმოადგენს ქვეყნის კავშირი ქრისტიანულ სამყაროსთან, ისტორიული განვითარების ხაზი ბერძნულ-რომაული კულტურული სივრციდან დღევანდელობამდე შუა საუკუნეების აღორძინების პროცესების გავლით. საქართველოს ეს ისტორიული გზა დიდი ღირსებით აქვს გავლილი. ჩვენი ევროპულობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა გელათის აკადემია“.
იხილეთ ვიდეო მიმართვა https://www.youtube.com/watch?v=tBTxkv2yRFo
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს აკადემიკოსმა ზაზა სხირტლაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა.
"დღეს უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუდენტურ კონფერენციას, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემაა გელათის სამონასტრო კომპლექსი და კულტურული მეკვიდრეობის უმნიშველოვანესი ძეგლი - გელათის კატენებიანი ბიბლია, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ საეკლესიო ღირებულების ნაწარმოებს, მას უდიდესი დატვირთვა აქვს, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის მაჩვენებელს. ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეულმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა შემოგვინახა ეს განსაკუთრებული ბიბლია" - აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მკვლევრებმა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ა. შანიძის სახელობის ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნერო-კვლევითი ცენტრიდან „ორიონი“ (თსუ), გელათის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.