ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი აკადემია ევროპეას რიგით მეხუთე სამეცნიერო ჰაბია.
ცენტრის მისიაა მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის ღირებულებებისა და პანევროპული ინტერესების დაცვით რეგიონში უზრუნველყოს მეცნიერული ცოდნის გენერირების, გავრცელების, პოპულარიზაციის, ევროპული სტანდარტებისა და მექანიზმების გაზიარება, წაახალისოს მეცნიერების კავშირი ეფექტური საჯარო პოლიტიკის წარმოებასთან და გაზარდოს მეცნიერების მნიშვნელობა და სარგებლიანობა ფართო საზოგადოებისთვის.
ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრის თემატურ სტრატეგიულ პრიორიტეტად განისაზღვრება, რეგიონში მრავალმხრივი და კომპლექსური კვლევების წახალისება და პოპულარიზაცია, ინტერდისციპლინული, უწყებათშორისი და ინტერსექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
თბილისის ცენტრის მიზანია რეგიონთან მიმართებით, მეცნიერებასა და კვლევაში ტრანსევროპული მნიშვნელობის საკითხების განსაზღვრა და მათი სამეცნიერო შესწავლისა და გამოკვლევებისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირების მხარდაჭერა.
აღნიშნული მიზნის მიღეწევა შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელებით:
-
საერთაშორისო კონფერენციების, საზაფხულო სკოლების, ლექციების სერიების, მაღალი დონის საექსპერტო პანელების ორგანიზებით;
-
მეცნიერთა მხარდაჭერით, რაც გულისხმობს:
-
ა) ადგილობრივი სამეცნიერო ინსტიტუტების მობილობასა და ინტერნაციონალიზაციას;
-
ბ) უცხოელ და ადგილობრივ მკვლევარებთან ურთიერთობების დამყარებასა და კონსოლიდაციას;
-
კვლევისა და სწავლების ცენტრების ურთიერთკავშირების სტიმულირებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში.