ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით 2024 წლის 27 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება „ქართული მეცნიერება და გზა ევროპისკენ“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული პროექტების, სამომავლო გეგმებისა და ახალი პერსპექტივების შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორმა, აკად. ჯაბა სამუშიამ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებთან თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის საქმიანობას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რამაც ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ქართველი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
სწორედ ამის შესახებ ისაუბრეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ, ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა 2019-2023 წლებში, პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა და ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფ. ზაალ კოკაიამ.
„ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს დაარსდა და მას ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ჩემი კოლეგა, პროფ. დავით ფრანგიშვილი. ევროპის აკადემიის ქართველი წევრები პირველივე დღიდან
აქტიურად ვართ ჩართული ცენტრის საქმიანობაში. 2019 წლიდან დღემდე უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, 2023 წლის ნოემბრიან კი მე მერგო პატივი ვუხელმძღვანელო ცენტრს და ჩემს კოლეგებთან ერთად შევეცადო გამოვიყენო ევროპის აკადემიის პოტენციალი ქართული მეცნიერების ხელშესაწყობად.“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ.
პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა და თსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა დავით ფრანგიშვილმა განვლილი პერიოდის შეჯამებისას აღნიშნა:
„2019 წელს რეგიონული ცენტრის დაარსება საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური მოვლენა იყო. გასული წლების გნმავლობაში ცენტრმა არაერთი ღონისძიება განახორციელა, რომელიც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში დაეხმარა. დარწმუნებული ვარ, ცენტრი მრავალ საინტერესო ღონისძიებას განახორციელებს მომავალშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო უნმაღლესი ხარისხის კვლევების წახალისებაში. მე, როგორც სამეცნიერო საბჭოს წევრი კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული ცენტრის სამეცნიერო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში“.
ევორპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ცენრტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესომა და თსუ-ს მოწვეულმა პროფესორმა, პროფ. ზაალ კოკაიამ ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების როლსა და მნიშვნელობას:
„ევროპის აკადემიას ამჟამად 12 ქართველი წევრი ყავს და თითოეული მათგანი თვისი დარგის წამყვანი მეცნიერია, მათგან მხოლოდ ნახევარი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას საქართველოში, დანარჩენები, კი ჩემი ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ინსტიტუცებთან არიან ასოცირებულნი. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.“ – აღნიშნა პროფ. ზაალ კოკაიამ.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს ევროპის აკადემიისა (Academia Europaea) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა დაფუძნდა. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრს დაარსების დღიდან აფინანსებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ძირითადი მოხსენებების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია და დამსწრე საზოგადოებას მომხსენებლებისთვის კითხვების დასმისა და კონკრეტული საკითხების შესახებ მსჯელობის საშუალება მიეცა.