ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა უმასპინძლა ევროპის აკადემიის წევრს, ედინბურგის უნივერსიტეტის აბერკრომბის არქეოლოგიის პროფესორს, მანუელ ფერნანდეს-გოთსს, რომლის კვლევის საგანია გვიან პრეისტორიული და რომაული საზოგადოებები ევროპაში, განსაკუთრებული ინტერესის სფეროს კი წარმოადგენს სოციალური იდენტობის, ადრეული ურბანიზაციისა და კონფლიქტების საკითხები არქეოლოგიაში.
მისი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა ორგანიზება გაუწია ლექციას: "ევრაზიის ქალაქების გარიჟრაჟი: ახალი არქეოლოგიური პერსპექტივები".
ცენტრის აკადემიური დირექტორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფ. დავით ლორთქიფანიძე მიესალმა ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შეკრებილ პროფესიულ საზოგადოებას და წარადგინა პროფ. გოთსი: “თბილისის რეგიონული ცენტრის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, როგორც ქართველ მეცნიერებსა და ჩვენს უცხოელ კოლეგებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, ისე ახალი საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობის ხელშეწყობა, რამაც ახალ პროექტებს შეიძლება დაუდოს საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი სამომავლო ურთიერთობის მხოლოდ დასაწყისი იქნება.” – აღნიშნა მან.
“ქალაქები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მსაზღვრელს წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, 2009 წელს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ქალაქის მოსახლეობამ რაოდენობით სოფლისას გადააჭარბა. მაგრამ როდის, როგორ და რამ განაპირობა თავდაპირველად ურბანული ფენომენის გაჩენა? არქეოლოგიას ქრონოლოგიური დიაპაზონი აძლევს საშუალებას, გრძელვადიანი კვლევა აწარმოოს და ფართო ჭრილში დაგვანახოს თანამედროვე პრობლემები.” – დაიწყო ლექცია პროფ. ფერნანდეს-გოთსმა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა არქეოლოგიის პოტენციალს ევრაზიის ადრეული ურბანული ცენტრების შესწავლაში.
მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მასშტაბის ნაბიჯები გადადგა არქეოლოგიამ ადრეული ქალაქების ისტორიის საფუძვლიან შესწავლაში უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე და საზოგადოებას წარუდგინა ახალი, გამაოგნებელი აღმოჩენები, რომლებმაც მანამდე არსებული წარმოდგენები დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
მისი პრეზენტაცია მოიცავდა არქეოლოგიის ახალ თეორიულ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს კონკრეტული ძეგლების შესწავლის მაგალითებზე, ძვ. წ. IV ათასწლეულით დათარიღებული ტრიპილას (უკრაინა) მეგაქალაქებიდან დაწყებული ცენტრალურ ევროპაში მდებარე ძვ.წ. პირველი საუკუნის კელტური ოპიდუმებით დამთავრებული.
მეცნიერებმა განიხილეს საქართველოს მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობა და მისი მნიშვნელობა ევრაზიის ურბანული განვითარების კონტექსტში. მათ ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი თანამშრომლობის აუცილებლობას და გაუზიარეს ერთმანეთს ახალი კვლევის ინიციატივები.
ღონისძიების დასასრულს, პროფ. ლორქთიფანიძემ მადლობა გადაუხადა პროფ. გოთსს საინტერესო მოხსენებისთვის და მეცნიერებს – დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მან ხაზი გაუსვა ცენტრის სურვილსა და ვალდებულებას შეუწყოს ხელი ცოდნის დინამიკურ გაცვლასა და პროცესს, რომელიც ამყარებს კავშირს ტრადიციულ კვლევასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის.
ამგვარად, ღონისძიებამ არამხოლოდ წამოსწია წინ ადრეული ურბანიზაციის საკითხების მნიშვნელობა, არამედ ხაზი გაუსვა არქეოლოგიაში საერთაშორისო პარტნიორობის როლსაც. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი მზადაა განაგრძოს დაწყებული საქმე, ხელი შეუწყოს სამომავლო კვლევებს, რომელთა დახმარებით შევძლებთ კიდევ უფრო კარგად დავაკავშიროთ საქართველოს არქეოლოგიური მემკვიდრეობა საერთო არქეოლოგიურ კონტექსტთან, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის ისტორიის უკეთ შესწავლასა და წარმოჩენაში. საერთაშორისო თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ წარსულს და მოვამზადოთ ნიადაგი სამომავლო აღმოჩენებისთვის.
---
პროფ. მანუელ ფერნანდეს-გოთსს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, რომელთა შორის აღსანიშნავია ფილიპ ლუვერლუმის პრიზი (Philip Leverhulme Prize) და ედინბურგის სამეფო საზოგადოების თომას რიდის მედალი (Royal Society of Edinburgh’s Thomas Reid Medal). იგი არის ევროპის აკადემიის (Academia Europaea), გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი და შოტლანდიის ეროვნული მუზეუმების სამეურვეო საბჭოს წევრი.