•  

    ინოვაციები მეცნიერებაში და საქართველოს კონკურენტუნარიანი დარგები

    2024 წლის 30 ივლისსა და 3 აგვისტოს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, KIU-GITA ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრების სერია: “ინოვაციები მეცნიერებაში და საქართველოს კონკურენტუნარიანი დარგები და მიმართულებები.

    ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ და KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ. 

    ღონისძიების ფარგლებში, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის მოდერაციით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა დარგის წამყვანი მეცნიერებისგან მოესმინათ, თუ რა კავშირი არსებობს თანამედროვე ტექნოლოგებს, მეცნიერების ამა თუ იმ მიმართულებას, კულტურას, კლიმატის ცვლილებასა და სხვა თანამედროვე გამოწვევებს შორის.

    შეხვედრების მიზანი იყო სტუდენტებისთვის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესახებ წარმოდგენის შექმნა კონკრეტული, საერთაშორისო, მულტიდისციპლინური კვლევების მაგალითზე და ამ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობისა და როლის ჩვენება.

    30 ივლისს ბერლინის ეროვნული მუზეუმის რათგენის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორის, პროფ. სტეფან სიმონის ლექცია ეხებოდა კლიმატის ცვლილებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას სამუზეუმო სფერო, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისთვის შესაბამისი პირობების შექმნისას, კლიმატის ცვლილების ფონზე და როგორ ცდილობს გერმანია ამ გამოწვევებთან გამკლავებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, პროფ. ანი მარგველაშვილმა სტუდენტებს მოუთხრო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ისეთ მომიჯნავე მეცნიერებებში, როგორიცაა პალეონტოლოგია, არქეოლოგია და კლინიკური მედიცინა 1.8 მილიონი წლით დათარიღებული დმანისის არქეოლოგიური ძეგლისა და იქ აღმოჩენილი ჰომინინების მაგალითზე, რომლებიც ხშირად ამშვენებენ წამყვანი სამეცნიერო, თუ სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის ყდებს, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, დოქ. გიორგი ბედიანაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის, ბრინჯაოს ხანის შესწავლის პროცესში სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ტერიტორიაზე არსებული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის შესწავლის მაგალითზე.

    3 აგვისტოს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს დღის პირველ ნახევარში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის, ნეირომეცნიერ ზაალ კოკაიასთვის, რომელმაც ისაუბრა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ნეირომეცნიერებაში. სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება, რომ ნეირომეცნიერებაში ფართოდ იყენებენ გენურ ინჟინერიას, უჯრედულ რეპროგრამირებასა, თუ მიკროფლუიდურ ჩიპებს დაავადების მოდელირებისთვის. პროფ. ზაალ კოკაიას მოხსენების ბუნებრივი გაგრძელება გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნევროლოგ ალექსანდრე ცისკარიძის ლექცია, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს კლინიკურ ნევროლოგიაში, მაგალითად, თრომბის დასაშლელად და სისხლძარღვიდან გამოსატანად, ან კი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, რაც სრულად გამოჯანმრთელების შანსს ზრდის.

    პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა, ვირუსოლოგმა დავით ფრანგიშვილმა სტუდენტები მიკრობების ვირუსების სამყაროსა და დროში ამოგზაურა და მოუთხრო თუ, როგორ შეიძლება იქცნენ ისინი ტექნოლოგიური სიახლეების წყაროდ – „წინ წარსულისკენ: წარსულში დაბრუნება, როგორც მომავალი ტექნოლოგიური სიახლეების გასაღები“, ასე ერქვა კიდეც მის მოხსენებას. პროფ. დავით ფრანგიშვილმა ისაუბრა ფაგების მომავალზეც, რომლებსაც საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს და რომლებიც 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასახელდა ათ ყველაზე პერსპექტიულ მომავლის ტექნოლოგიას შორის.

    განსხვავებული გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, იურისტ ლადო ჭანტურიას ლექცია, მან, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ სტუდენტებს გაუზიარა საინტერესო მაგალითები სტრასბურგის სასამართლოდან და ისაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს სამოსამართლო სამართალში.

    დღის მეორე ნახევარი საზაფხულო სკოლის სტუდენტებმა „ველზე“ გაატარეს – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მათ საშუალება ჰქონდათ მანამდე მოსმენილი საკუთარი თვალით ენახათ და პარალელი გაევლოთ კულტურული მემკვიდრეობის კომუნიკაციის ფორმებსა და თანამედროვე ტექნოლოგიას შორის. მაგრამ, მანამდე, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის თანამედროვე აუდიტორიაში კიდევ სამი საინტერესო ლექცია მოისმინეს: ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, ხერხემლიანთა პალეონტოლოგი ლორენცო რუკი სტუდენტებს პალეონტოლოგიასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ესაუბრა, თუმცა, თუკი რამდენიმე დღით ადრე პროფ. ანი მარგველაშვილის ლექციის მთავარი გმირები დმანისელი ჰომინინები გახლდნენ, პროფ. ლორენცო რუკმა დმანისელ ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე ილაპარაკა და სტუდენტებს 1.8 მილიონი წლის წინანდელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით შესწავლილი, ხუთი იდეალურად შემონახული თავის ქალის გამოსახულება აჩვენა – „თუმცა, სამწუხაროდ, ჰომინინებისგან განსხვავებით, ისინი ჯერ არ მოხვედრილან Science-ის ყდაზე,“ ხუმრობით აღნიშნა ბოლოს.

    “მემკვიდრეობა როგორც საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღები” – ასეთი სათაური ჰქონდა პროფ. დავით ლორთქიფანიძისა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს პრეზიდენტის, ამერიკული უნივერსიტეტის მკვლევრის, დოქ. მამუკა წერეთლის ერთობლივ მოხსენებას. მომხსენებლები ფიქრობენ, რომ საქართველო იდეალური ადგილია ბუნებრივი და კულტურული განვითარების ინტერდისციპლინარულ სამეცნიერო კვლევას, მემკვიდრეობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციას შორის ჯერ კიდევ შეუსწავლელი სტრატეგიული კავშირების გამოსავლენად, რაც საბოლოოდ ადამიანების კეთილდღეობის მდგრად გაუმჯობესებას მოიტანს შედეგად.

    „ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე საქართველოს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა აქციოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მიმდინარე კვლევები და უკვე დაგროვილი ცოდნა საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაღებად, რაც წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე“ – აღნიშნა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის კიდეც ვანის მუზეუმი, რომლის შესასვლელ კარზე ოქროსფრად ბრწყინავს ევროპის მუზეუმების ფორუმის ლოგო – 2023 წელს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სილეტოს პრესტიჟული პრიზი გადაეცა „საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობისთვის.“და აი, სტუდენტები მონუსხული დააბიჯებენ მის დარბაზებში, იქ სადაც თანამედროვეობა და წარსული ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, სადაც ცხადზე ცხადია კოლხური კულტურის თვითმყოფადობაცა და კავშირებიც მის თანადროულ სხვა კულტურებთან. სტუდენტები ხედავენ, რომ ეს ქვეყანა არასოდეს ყოფილა მოწყვეტილი დანარჩენ სამყაროს და თითქოს ყველაფერი თვალნათელი ხდება, ლაგდება ორი დღის მანძილზე მოსმენილი ამბები. ხვდებიან, რომ ნებისმიერ დარგში, ნებისმიერ ეპოქაში, ადრეც და ახლაც მნიშვნელოვანი წინსვლა მხოლოდ ადგილობრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობითა და საკითხისადმი ინტერდისციპლინური მიდგომით იყო და არის შესაძლებელი.

    ახალი იდეებიც ჩნდება, ხომ შეიძლება მათ მოიფიქრონ მაგალითად, კომუნიკაციის ახალი გზები, რომ ის, რაც მათ ამ დღეებში გაიგეს სხვებსაც გააგებინონ კიდევ უფრო თანამედროვე, ახლებური გზებით, იმ ტექნოლოგიების გამოყენებით რასაც ახლა ეუფლებიან? რაც მათი თაობისთვის იქნება მისაღები და საინტერესო? მეცნიერები ამ იდეას სიამოვნებით იღებენ: – რა თქმა უნდა, – უპასუხებენ ისინი – ჩვენც სწორედ ამისთვის მოვედით თქვენთან, ვითანამშრომლოთ.

    მართლაც, როგორც ამ დღეებში არაერთხელ აღინიშნა, სწავლების ფორმა ხომ უკვე დიდი ხანია გასცდა უბრალოდ, ინფორმაციის იმპერატიული გადაცემის პროცესს. დღეს ცოდნის მიღება მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთო ინტერესების აღმოჩენით არის შესაძლებელი.

    ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი მზად არის ახალგაზრდებთან თანამშრომლობისთვის. ვიმედოვნებთ – ისინიც. წინ საინტერესო გზაა.

Comments

  • (no comments)