2024 წლის 7 და 8 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის მოცლის ნაციონალური სერვისის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ჩატარებულ ვორქშოფს: „კვებითი აშლილობების კლინიკური სერვისის საჭიროება საქართველოში”.
ვორქშოფი დაიგეგმა ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრის, ლონდონის სამეფო კოლეჯის მოცლის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურ-ექსპერიმენტული ლაბორატორიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, კლინიკური ფსიქოლოგისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის, ქეთევან ჭანტურიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, პროფესორ თამარ გაგოშიძის ხელმძღვანელობით.
პროფ. ქეთევან ჭანტურიასთან ერთად ვორქშოფს უძღვებოდნენ სამხრეთ ლონდონის და მოცლის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის ფსიქიატრი, დოქტორი ნიკოლა კერნი და მოცლის კერძო ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული სერვისის დირექტორი, ფსიქოთერაპევტი დანიელ გლენონი.
ორდღიანი პროგრამის მანძილზე ვორქშოფის მონაწილეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რა არის კვებითი აშლილობა, როგორ უნდა მოხდეს კვებითი აშლილობების იდენტიფიკაცია, როგორია კვებითი აშლილობების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკები, კვებითი აშლილობების ეფექტური სერვისი, კვებითი აშლილობის ადრეული ინტერვენცია, რა არის კომორბიდული მდგომარეობები და რატომაა მნიშვნელოვანი მათი გათვალისწინება, ვინ არიან მკურნალი კლინიცისტები და რა ესაჭიროებათ მათ ეფექტური მკურნალობისთვის.
მომხსენებლებმა საკუთარი პრაქტიკიდან განიხილეს კონკრეტული კლინიკური შემთხვევები და ასევე, განიხილეს ზოგადად კულტურული კონტექსტი და საქართველოს კონტექსტი კვებითი აშლილობის პრობლემატიკასთან მიმართებაში.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ საკითხით დაინტერესებული, ის ქართველი პროფესიონალები, რომელთა პრაქტიკაც დაკავშირებულია კვებითი აშლილობის მართვასთან და რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული სერვისების საქართველოში შემდგომ განვითარებასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. ვორქშოფს ესწრებოდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.