•  

    ლექციების სერია ნეირომეცნიერების შესახებ

    ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრს მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწვია ევროპის აკადემიის წევრი, ჯეჯანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტის ტრანსლიაციური ნეირომეცნიერების საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვლადიმირ პარპურა.

    საქართველოში, ასევე, იმყოფებოდა ევროპის აკადემიის წევრი და ამავე აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორი ზაალ კოკაია.

    თბილისის რეგიონულმა ცენტრმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია ნეირომეცნიერებისადმი მიძღვნილი ლექციების სერიას. აღნიშნული ციკლის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; ამავე ცენტრის ნეიროფარმაკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფ. რევაზ სოლომონია გახლდათ.

    8 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფ. პარპურამ წაიკითხა ლექცია: “ასტროციტების მიერ გლუტამატის რეგულირებადი გამოყოფა ჯანმრთელობის და დაავადებების დროს”. მან წარმოადგინა მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ გლიური უჯრედების ქვეტიპს – ასტროციტებს შეუძლიათ გლუტამატის ეგზოციტური გამოყოფა და იმსჯელა იმაზე თუ როგორ ხდება ამ გამოყოფის რეგულირება. მან ასევე განიხილა ვეზიკულური შერწყმის დრო-სივრცითი მახასიათებლები, რომელიც არის ასტროციტების მიერ გლუტამატის გამოყოფის თანმხლები პროცესი. შეჯამების სახით კი წარმოადგინა ტრანსლიაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ასტროციტომა IV-ის, ტვინის მომაკვდინებელი სიმსივნის სამკურნალოდ ახალი მეთოდების დანერგვას.

    11 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში პროფ. პარპურამ წაიკითხა ლექცია: ნახშირბადის ნანომილაკები ასტროგლიის ტრანსლიაციურ კვლევაში”, ხოლო და პროფ. კოკაიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავის კვლევის მონაცემები და ისაუბრა თემაზე თუ “როგორ და რატომ უნდა შევქმნათ ახალი ოლიგოდენდროციტები?”

    პროფ. პარპურას ლექცია ფოკუსირებული იყო ნახშირბადის ნანომილაკებზე (CNTs), რომლებიც იმედისმომცემი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევიან ნეირობიოლოგიასა და ბიომედიცინაში. სტრუქტურული სტაბილურობა და მარტივი ქიმიური მოდიფიკაცია მათ ბიოსამედიცინო მიზნებით გამოყენებისთვის მოსახერხებელს ხდის. პროფ. პარპურამ განიხილა ქიმიურად ფუნქციური, კოლოიდურ ხსნარებად ან შრეებად გამოყენებული CNT-ების ეფექტები ასტროციტების მორფოლოგიურ და ფუნქციურ თვისებებზე (გლუტამატის ათვისება და ვეზიკულური გადამუშავება), CNT-ების პოტენციური გამოყენების გათვალისწინებით ნეირო პროთეზირებაში, ასტროციტომა/გლიობლასტომას პრეკლინიკურ მკურნალობასა და ტრავმებით დაზიანებული ტვინის მკურნალობაში.

    პროფ. კოკაიამ ისაუბრა ოლიგოდენდროციტების შესახებ, რომლებიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის მიელინის მწარმოებელი სპეციალიზებული გლიური უჯრედები. მიელინი თვის მხრივ, წარმოადგენს საიზოლაციო გარსს, რომელიც ხელს უწყობს ნეირონებს შორის ელექტრონული სიგნალების სწრაფ და ეფექტურ გადაცემას. როგორც ლექციიდან შევიტყვეთ, მათი როლი სრულად არ არის შესწავლილი ინსულტისა და გაფანტული სკლეროზის (MS) დროს ნეირონების ფუნქციურ დაზიანებაში და ამ გზით, გამოწვეულ ნევროლოგიურ პათოლოგიებში.

    ახალი ოლიგოდენდროციტების მიღება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მნიშვნელოვან იმედებს იძლევა თერაპიული ჩარევის თვალსაზრისით. რემიელინიზაციის ხელშეწყობით, ეს თერაპია შესაძლოა გახდეს დაკარგული ფუნქციების აღდგენისა და უკეთესი ფუნქციური აღდგენის საშუალება, როგორც ინსულტიანი, ისე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის.

    ლექციების შემდეგ გაიმართა აქტიური კითხვა-პასუხი და დისკუსია. მეცნიერებმა იმსჯელეს აღწერილი კვლევების რევოლუციურ შესაძლებლობებზე ნეირომეცნიერებასა და მედიცინაში. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებამ არამხოლოდ გააღრმავა დამსწრე საზოგადოების ცოდნა აღნიშნულ საკითხებში, არამედ ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე მსჯელობასაც დაუდო საფუძველი.

    პროფ. პარპურამ და პროფ. კოკაიამ ლექციებზე წარმოადგინეს თანამედროვე ნეირომეცნიერების უახლესი კვლევები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით ვითარდება მეცნიერება და მედიცინა. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინტერდისციპლინარული კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ნეირომეცნიერების სფეროში.

Comments

  • (no comments)