•  

    პროფ. ქეთევან ჭანტურია ეროვნული პრემიის გამარჯვებულია

    ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფ. ქეთევან ჭანტურია 2023 წლის საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულია.

    პრემიას, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელ ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალმეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისთვის გამარჯვებულებს პირადად გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ავლენს მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისგან შედგენილი სპეციალური კომისია.

    2023 წლის საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ ლონდონის სამეფო კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორსა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრს, პროფ. ქეთევან ჭანტურიას ნაშრომთა ციკლისათვის: „კოგნიტიური რემედიაციის თერაპია კვებისა და წონის დარღვევების დროს“, „ჯგუფური ფსიქოთერაპია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის“, „აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მხარდაჭერა კვებითი აშლილობის დროს“ და პროფ. მერაბ სვანაძეს ნაშრომთა ციკლისათვის „ფოროვან მასალათა თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა“.

    დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, კონკურსის მონაწილეებსა და კომისიას: ,,დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისთვის ეროვნულ პრემიას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს – ნამდვილი პროფესიონალიზმი, ნამდვილი ცოდნა (რომელიც უფრო მეტია, ვიდრე პროფესიონალიზმი), მეცნიერება, ის ნამდვილი ღირებულებები, რაც არამხოლოდ აერთიანებს საზოგადოებას არამედ მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას, რომელიც დღეს ასე გვჭირდება. ჩვენი თაობისგან ახალგაზრდებს სწორი და ღირსეული მაგალითი სჭირდებათ. მაგალითი იმისა, რომ ცხოვრებაში არაფერი ცოდნისა და შრომის გარეშე არ ხდება. ის ადამიანები, ვინც შეირჩა თავიანთ დარგში მაღალი ღირსების მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული არის ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე – აუტისტური სპექტრის ადამიანების საკითხზე მუშაობს.“ – განაცხადა მან.

    პროფ. ქეთევან ჭანტურია არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მეცნიერია. იგი გახლავთ პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს და რომელსაც ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უმაღლესი ჯილდო სახელწოდებით: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“ (2021 წელი). 2024 წელს ქეთევან ჭანტურია კვების აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს.

    საქართველოს ეროვნული პრემიის მიღებისას მან განაცხადა: „ეროვნული პრემია საპატიო ჯილდოა და ჩემი კლინიკურ ფსიქოლოგიის დარგში გაწეული შრომის დიდი დაფასება. იდეიდან პრაქტიკულ დანერგვამდე ათეული ან რამდენიმე ათეული წელია საჭირო. ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი იყო ჩემი სამი მონოგრაფია რომელიც დიდ ბრიტანეთში დაიბეჭდა. ეს ნაშრომები წარმატებით დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იმედი მაქვს ნაწილობრივ მაინც განხორციელდება საქართველოში.“

    პროფ. ქეთევან ჭანტურიას პროფესიული გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაერთიანებული სამეფოს წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებამდე  საინტერესო და შთამაგონებელია ნებისმიერი ახალგაზრდა მეცნიერისთვის.

    იგი უკვე ოთხ ათეულ წელზე მეტია იკვლევს კლინიკური ფსიქოლოგიის ურთულეს პრობლემებს, არის ლონდონის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების საპატიო და ინგლისის უმაღლესი სწავლების აკადემიის საპატიო წევრი, ხელმძღვანელობს  ლონდონის სამეფო კოლეჯში კლინიკურ-ექსპერიმენტულ ლაბორატორიასა და კლინიკური ფსიქოლოგიის სამსახურს მოცლის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2005 წლიდან არის ნეიროფსიქოლოგიის სპეციალისტთა ჯგუფის დამფუძნებელი და კვების აშლილობის კვლევის ხელმძღვანელი მსოფლიოს უდიდეს ორგანიზაციაში Academy of Eating Disorders (AED). იგი არის 300 - მდე სტატიის, ოთხი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი (H index 94), მისი ხელმძღვანელობით დაცულია 35 სადისერტაციო ნაშრომი. მსოფლიოს 10 000 შეფასებული ექპერტიდან პროფესორი ჭანტურია მე-5 ადგილზეა.

    მიუხედავად აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობისა გაერთიანებულ სამეფოში, პროფ. ჭანტურია ახერხებს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების განათლებასა და ფორმირებაში, იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, მის ქართველ სტუდენტებს ეძლევათ შანსი ჩაერთონ პროფ. ქეთევან ჭანტურიას ხელმძღვანელობით განხორციელებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევებში. ის ასევე, აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტთან და უზიარებს ცოდნას თავის ქართველ კოლეგებს კონფერენციების, სემინარებისა თუ სხვა სამუშაო შეხვედრების ფორმატში.

    აღსანიშნავია, რომ პროფესორი ქეთევან ჭანტურია და მისი მეუღლე სიმონ სურგულაძე, რომელიც პროფესიით ფსიქიატრია, საქართველოს და ქართული კულტურის ერთგულ დამფასებლად გვევლინებიან ლონდონში. ისინი ბრიტანულ-ქართული საზოგადოების გამგეობის პირველი ქართველი წევრები იყვნენ. ამ ტრადიციას ამჯერად მათი ვაჟი ალექს სურგულაძე აგრძელებს. მათი ოჯახი მუდმივად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამართულა საქართველოს წარმოსაჩენად და დასახმარებლად დიდ ბრიტანეთში.

Comments

  • (no comments)