•  

    პროფ. ჰერმან პარცინგერის საჯარო ლექცია

    3 აპრილს, 16:00 საათზე ევროპის აკადემიის თბილისის რეგინული ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტის, პროფ. ჰერმან პარცინგერის საჯარო ლექცია "მუზეუმის კუნძული და ჰუმბოლდტის ფორუმი: პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის წინაშე მდგარი მიმდინარე გამოწვევები მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის".

    გერმანიისა და ევროპის უდიდესი კულტურის სფეროს ინსტიტუცია – პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი აერთიანებს ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს, ბიბლიოთეკებსა და პრუსიის სახელმწიფო არქივს. მისი კოლექციები ფაქტობრივად ყველა ტიპის კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს: ხელოვნებასა და მატერიალურ კულტურას, ლიტერატურას, დოკუმენტებსა და მუსიკალურ არქივს. 

    პროფ. ჰერმან პარცინგერი 2008 წელს დაინიშნა პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტად. ის არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერი, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს არქეოლოგიასა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში. პროფ. ჰერმან პარცინგერის ხელმძღვანელობით პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდში განხორციელდა არაერთი მნიშნველოვანი პროექტი, მათ შორის, ორგანიზაციის სრული რებრენდინგი, რომელიც დაწესებულების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას გულისხმობდა.

    2014 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კორპორატიული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში პროფ. პარცინგერის აღნიშნავს: “საზოგადოებრივ ჩართულობას ბევრი სხვადასხვა ასპექტი აქვს. პირველ რიგში, მუზეუმის პროგრამები ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე, რაშიც იგულისხმება როგორც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, ასევე განსხვავებული განათლებისა თუ კულტურული და რელიგიური წარსულის მქონე ადამიანი.“ ამ ინტერვიუს გამოქყვენებიდან ათი წლის შემდეგ, გოეთეს ინსტიტუტში შეკრებილ პუბლიკას, ის ესაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევბის შესახებ, რომელიც თანამედროვე საზოგადოებასა და მეცნიერებას შორის დღეს არსებობს.

    პროფ. პარცინგერს საქართველოსთან რამდენიმე ათწლეულის თანამშრომლობა აკავშირებს. პირველად იგი საქართველოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, თავისი ხელმძღვანელის, ცნობილი არქეოლოგის, პროფ. კოსაკის რეკომენდაციით ეწვია, რათა ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიეღო მონაწილეობა. მას შემდეგ იგი მჭიდროდ ურთიერთობს ქართველ მკვლევრებთან.

    2009-2012 წლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდსა და მასში შემავალ ბერლინის სახელმწოფო მუზეუმებს შორის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა დაძმობილების პორექტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან პროფ. პარცინგერი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართვლოს მხრიდან – პროფ. დავით ლორთქიფანიძე. დაძმობილების პროექტს არაერთი საინტერესო ინიციატივა მოჰყვა, რომლებსაც სხვადასხვა ფორმითა და საშუალებით მხარი დაუჭირეს გოეთეს ინსტიტუტმა, საქართველოში გერმანიის საელჩომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ, შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და სხვა უწყებებმა.

    2018 წელს პროფ. ჰერმან პარცინგერი დაინიშნა ევროპა ნოსტრას აღმასრულებელ პრეზიდენტად. იგი არის მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ასევე, მრავალი აკადემიის საპატიო წევრი და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს აღიარებული ლიდერი. ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებისა და მეცნიერულ კვლევებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად 2023 წელს პროფ. ჰერმან პარცინგერი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად. მიმდინარე ვიზიტის დროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ოფიციალურად გადაეცა წევრობის დამდასტურებელი სერტიფიკატი.

Comments

  • (no comments)