•  

    საჯარო ლექცია-სემინარი „მედიცინა და ევოლუცია“

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით 2024 წლის 14 თებერვალს გაიმართა საჯარო ლექცია-სემინარი „მედიცინა და ევოლუცია“. აღნიშნული სათაური აერთიანებდა ორ მნიშვნელოვან თემას: „ადამიანები აფრიკის გარეთ: ვინ? როდის? რატომ?“ და „კბილები – ადამიანის ევოლუციური წარმატების გასაღები“.  

    ლექციის პირველი ნაწილი წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ. მან საზოგადოებას ფართო ჭრილში დაანახა ადამიანის ევოლუციის გზა, ილაპარაკა აფრიკიდან მისი გავრცელების ტალღებზე და ახსნა თუ რატომ არის დმანისის არქეოლოგიური ძეგლი და იქ მოპოვებული მასალა მნიშვნელოვანი ადამიანის ევოლუციური ისტორიის შესასწავლად.

    „ვინ, როდის და რატომ გავრცელდა აფრიკის გარეთ? – შეუძლებელია ამ კითხვას პასუხი მხოლოდ ერთ აღმოჩენაზე დაყრდნობით გავცეთ. ასეთი, კომპლექსური საკითხის შესასწავლად, ჩვენ გვჭრიდება, როგორც მრავალი აღმოჩენის ერთიან კონტექსტში განხილვა, ასევე, მულტიდისციპლინარული კვლევა. მეცნიერება, მათ, შორის პალეოანთროპოლოგიაც სწრაფად ვითარდება და მრავალი ახალი მეთოდი ინერგება, რაც საკმაოდ რთულ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალებას გვაძლევს. დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე მოპოვებული მრავალფეროვანი მასალა კი ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოების ფაქტობრივად შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.“ – აღნიშნა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ.

    სწორედ, დმანისის მასალაზე, კერძოდ, ჰომინიდების ყბა-კბილთა სისტემაზე ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი, ინტერდისციპლინარული კვლევა წარმოადგინა ლექციის მეორე ნაწილში პროფესორმა ანა მარგველაშვილმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის მოწვეული დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ.

    მოხსენება: „კბილები – ადამიანის ევოლუციური წარმატების გასაღები“ საინტერესო იყო, იმითაც, რომ  მსმენელებმა არამხოლოდ უახლესი კვლევების შესახებ შეიტყვეს, არამედ, საღეჭი სისტემისა და კბილის, როგორც ყველაზე მყარი ქსოვლის, ურთულეს ევოლუციურ გზას გაადევნეს თვალი და სრულიად ახლებურად დაინახეს მისი მნიშვნელობა: „კბილები ჩემთვის, ერთგვარი „შავი ყუთია“, მასში არსებული ინფორმაციის სწორად გაშიფვრით ჩვენ უამრავი რამ შეგვიძლია: გენეტიკური ინფორმაციის, ჯანმრთელობის სტატუსის, ინდივიდის ასაკის, ცხოვრების სტილისა თუ საკვები რაციონის გაგება და სახეობის იდენტიფიცირება. მაგალითად, დმანისის ჰომინიდის ერთ-ერთი ქვედა ყბის კვლევისას, აღმოვაჩინეთ, რომ ეს კონკრეტული ინდივიდი კბილის ჩხირს იყენებდა, ხოლო სრულიად უკბილო ინდივიდის შესწავლით დავადგინეთ, რომ ადამიანის წინაპრები ერთამენთზე ზრუნავდნენ 1.8 მილიონი წლის წინ.“ – აღნიშნა პროფ. ანა მარგველაშვილმა.

    ლექციის შემდეგ საზოგადოებას მომხსენებლებისთვის კითხვების დასმისა და კონკრეტული საკითხების შესახებ მსჯელობის საშუალება მიეცათ.

    საჯარო ლექცია-სემინარის „მედიცინა და ევოლუცია“ ორგანიზების ინიციატივა თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ასოც. პროფ. მაია ბიწკინაშვილისა და  მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხემძღვანელს, ორთოპედიული სტომატოლოგიის და იმპლანტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელს, პროფ. ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილს ეკუთვნის.

    „დღევნადელი საჯარო ლექცია-სემინარი, რომელსაც უძღვებოდნენ აკადემიკოსი დავით ლორთიფანიძე და პროფესორი ანი მარგველაშვილი არ მოიცავდა მხოლოდ ერთ მიმართულებას, არამედ ის აერთიანებდა მედიცინის, არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის მიმართულებებს და კარგად აჩვენებდა მათი გადაკვეთის წერტილებს. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მსმენელისთვის, ეს ლექცია ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებების ხშირად გამართვა, რათა მეცნიერება რაც შეიძლება გასაგები გავხადოთ და ახლოს მივიტანოთ საზოგადოებამდე.“ – აღნიშნა პროფ. ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილმა.

    ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, სტუდენტები და დაინტერესებული, ფართო საზოგადოება ესწრებოდნენ.

Comments

  • (no comments)