ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის (ჰაბი) ახალ ხელმძღვანელად 2023 წლის ნოემბერში პროფესორი დავით ლორთქიფანიძე აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჰაბის პირველი არჩეული აკადემიური დირექტორი, პროფ. დავით ფრანგიშვილი გახლდათ, რომელიც თანამდებობას 2019 წლის 24 აპრილიდან – ჰაბის ოფიციალური გახსნის დღიდან იკავებდა.
პროფესორი დავით ლორთქიფანიძე თვით ევროპის აკადემიის წევრად არჩეულ იქნა 2010 წელს. აქვე აღსანიშნავია, რომ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის შემდგომ იგი გახლავთ რიგით მეორე ქართველი, ვისაც აღნიშნული პატივი ერგო.
„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ევროპის აკადემიასა და თბილისის რეგიონულ ცენტრს ამ საპატიო პოზიციის ნდობისთვის. ჩემი წინამორბედი, პროფ. დავით ფრანგიშვილი არაჩვეულებრივი მეცნიერი და პიროვნებაა, რომელიც სამეცნიერო საბჭოში, ჩვენთან ერთად გააგრძელებს მუშაობას. ვეცდები, ძალ-ღონე არ დავიშურო ცენტრის საქმიანობის მომავალი განვითარებისთვის.“ – აღნიშნა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ, გამოხატა რა მადლიერება ნდობისა და მიცემული შესაძლებლობისთვის.
დავით ლორთქიფანიძე ამჟამად გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი მისი დაარსების დღიდან (2004 წელი). მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროა ადამიანისა და ბუნების ევოლუციის საკითხები. აღსანიშნავია, რომ იგი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც საქართველოში, კერძოდ კი დმანისში აღმოაჩინა უძველესი ადამიანის ნაშთი და საფუძველი ჩაუყარა და უხელმძღვანელა კვლევას, რომლის შედეგად, ასევე საქართველოში, აღმოჩენილ იქნა ღვინის უძველესი კვალი მსოფლიოში.
დავით ლორთქიფანიძე გახლავთ 180-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში, როგორებიცაა: Nature, Science Magazine, PNAS და ა.შ. მას მიღებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის სახელმწიფო ორდენები და ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა იტალიის აკადემია ლინჩეის პრემია (Accademia Nazionale dei Lincei Fabio Frassetto) 2008 წელს, როლექსის ჯილდო ინიციატივებისთვის (the Rolex Award for Enterprise) 2004 წელს, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო პრემია (Alexander von Humboldt Foundation Research Award) 2014 და მრავალი სხვა.
დავით ლორთქიფანიძის აკადემიურ მიღწევებზე საუბრისას, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ იგი ასევე, აქტიურად არის ჩართული მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების მართვაში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. იგი გახლავთ არაერთი საერთაშორისო სამუზეუმო საბჭოს წევრი თუ თავმჯდომარე და როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი. სწორედ, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განახლდა ეროვნული მუზეუმის ქსელში შემავალი შვიდი მუზეუმი და ხელახლა გაიღო მათი კარი საზოგადოებისთვის.
ჰაბის სამომავლო გეგმებზე საუბრისას პროფ. დავით ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება, ახალი პროექტების ხელშეწყობა, სამეცნიერო დიპლომატიის, როგორც დარგის განვითარება. ასევე, ჩვენ ვიზრუნებთ მეცნიერების კომუნიკაციის გაძლიერებაზე, რათა მეცნიერება რაც შეიძლება გასაგები გავხადოთ საზოგადოებისთვის.“
დავით ლორთქიფანიძე ხაზს უსვამს მის ძლიერ სურვილს, რომ მეცნიერება გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და დასძენს: „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შეიქმნას ახალი პლატფორმები, რომლის საშუალებითაც მოხდება საზოგადოებაში სამეცნიერო ცნობიერების ამაღლება. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე პროექტზე National Geographic Magazine - საქართველოსა და Euronews Georgia-თან ერთად.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მეცნიერებაზე ველაპარაკოთ გასაგებ ენაზე. ჩემი მიზანია, რომ თბილისის ჰაბი გახდეს ყველაზე ღია სამეცნიერო პლატფორმა საქართველოში.“
ევროპის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მარია მაკაროვმა გამოეხმაურა თბილისის რეგიონულ ცენტრში განხორციელებულ ცვლილებებს: „ევროპის აკადემიის სახელით მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო დავით ფრანგიშვილს, რომელიც პირველი ხუთი წლის მანძილზე გულითადად ხელმძღვანელობდა თბილისის ჰაბს. სწორედ მისი ხედვისა და თავდადების შედეგია ის წარმატება და გავლენა, რომელსაც ჰაბმა მიაღწია.
ვემშვიდობებით რა დავით ფრანგიშვილს, გულთბილად ვესალმებით დავით ლორთქიფანიძეს თბილისის ჰაბის აკადემიური დირექტორის პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჰაბი განაგრძობს განვითარებას და კიდევ უფრო გააღრმავებს მნიშვნელოვან კავშირებს აკადემიურ საზოგადოებაში.“ – აღნიშნა პროფ. მარია მაკაროვმა.
სტატია მოამზადა კარდიფის რეგიონულმა ცენტრმა.
გაიგეთ მეტი ევროპისა აკადემიის შესახებ.